თეგი: „საქართველოს რკინიგზა“

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, მინისტრის მოადგილესთან გურამ გურამიშვილთან და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან დავით ფერაძესთან. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხაზი გაესვა, რომ 2022 წელი „საქართველოს რკინიგზისთვის“ საუკეთესო წელი იყო მოგების თვალსაზრისით და მოგებამ შეადგინა 283 მილიონი ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, რეკორდული იყო გადაზიდვების მაჩვენებელი და გადაზიდვების მიმართულებით წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა. იმსჯელეს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს იყო პროგრესი მოდერნიზაციის კუთხით. ამასთან, აღინიშნა, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა მოდერნიზაციის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონამდე გაიზრდება. აღინიშნა, რომ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაჯანსაღების მიმართულებით. კომპანიისთვის 100 ქართული წარმოების ვაგონი უკვე მოწოდებულია. რკინიგზის მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და მისი ფუნქციონირება უფრო ეფექტიანი გახდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის 87% დასრულებულია. მონაკვეთი 180 კილომეტრიანია და მიმდინარე ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისათვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონა იქნება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის დაწყება და მისი პირველი ფაზის განხორციელება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების კუთხით, - განისაზღვრება სახელმწიფოს როლი სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, დარგის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების რეგულირების მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად, 150-წლიანი ისტორიის მქონე „საქართველოს რკინიგზა“ გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზების, ასევე უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობები.

საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარეობით, შუა დერეფნის მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარეობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ყაზახეთის საპორტო-ქალაქ აქტაუში საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთისა და რუმინეთის სარკინიგზო და საზღვაო კომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: • 2023 წლის 8 თვის შედეგები და ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის პირობებში განხორციელებული გადაზიდვების დროს გამოვლენილი გამოწვევები; • შუა დერეფანში გადაზიდვების ვადების ოპტიმიზაციის მიზნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების გადაზიდვის ორგანიზებისას, მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომელშიც გადაზიდვის ვადებთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებებელი იქნება გაწერილი; • კასპიის ზღვის პორტებს შორის (აქტაუ, ბაქო, ალიატი) პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო და საზღვაო კომუნიკაციებით საკონტეინერო გადაზიდვების ორგანიზების შესახებ შეთანხმება, რომელიც კასპიის ზღვაზე საფიდერო გემების ოპერირების სტაბილურობას უზრუნველყოფს; • კონტეინერების დისლოკაციის შესახებ ინფორმაციების მიღების და გაცვლის პროცესების ავტომატიზაცია და დიჯიტალიზაცია.   „აქვე აღსანიშნავია, რომ აქტაუში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის 10 წლის იუბილე აღინიშნა. შეხვედრის დასასრულს, საერთო კრების თავმჯდომარემ, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ კოლეგებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა რომ ჩინეთი -ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ტვირთმფლობელებისთვის,“ - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. რა საკითხები განიხილეს ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ,,შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრაზე